გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას კიდევ ერთხელ მოითხოვს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას კიდევ ერთხელ მოითხოვს

საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას მომავალშიც განაგრძობს, როგორც ეს ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე დასმული შეკითხვის პასუხად.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში იყოს.

„ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას მომავალშიც გავაგრძელებთ ისევე, როგორც ეს რეზოლუციაშია ასახული, რათა ყველამ პასუხი აგოს, რა თქმა უნდა, რუსეთმა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტიან კონტროლს ახორციელებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ როგორც ტატუნაშვილის, ასევე, ოთხოზორიას და ბაშარულის შემთხვევაში და ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში იყოს.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის ფორმატებში უპრეცედენტო გადაწყვეტილებები იყო მიღებული და ამ კვირაში, ჩვენ ველოდებით, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო რეზოლუციას მიიღებს, სადაც კიდევ ერთხელ იქნება მოთხოვნა, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვებული იყოს და ადამიანის უფლებების მდგომარეობა შეფასდეს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა. „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.