გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისარი შოკირებულია ისრაელის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რომ მძევლების გასათავისუფლებლად ღაზის მოსახლეობის შიმშილი, შესაძლოა, „გამართლებული“ იყოს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისარი ვოლკერ თურქი შოკირებული და შეძრწუნებულია ისრაელის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რომ შესაძლოა, „გამართლებული“ იყოს ღაზის მოსახლეობის შიმშილი მძევლების გასათავისუფლებლად.
კომისრის პრესსპიკერის, ჯერემი ლოურენსის განცხადებით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი უმკაცრესად გმობს ამ სიტყვებს, რომლებიც ასევე აღძრავს სიძულვილს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.
გაერო-ს კომისრის პრესსპიკერის განცხადებით, მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილის ომის მეთოდად გამოყენება ომის დანაშაულია.
„ეს პირდაპირი და საჯარო განცხადება სხვა სასტიკი დანაშაულების წაქეზების რისკებს აჩენს. ასეთი განცხადებები, განსაკუთრებით საჯარო მოხელეების მხრიდან, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, უნდა მოხდეს მათი გამოძიება და თუ აღმოჩნდა, რომ დანაშაულად ითვლება, უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა ჯერემი ლოურენსმა.
ისრაელის ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის განცხადება, რომელიც მან მიმდინარე კვირის დასაწყისში გააკეთა, კრიტიკის საგანი გახდა. მისი თქმით, „არავინ მოგვცემს უფლებას, შიმშილით დავხოცოთ ორი მილიონი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს გამართლებული და მორალური მძევლების გასათავისუფლებლად“.