გაერო აშშ-სა და ექვს მოკავშირეს სირიის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში იწვევს
გაერო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ექვს მოკავშირეს სექტემბერში, სირიის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში იწვევს. სირიის საკითხებში გაერო-ს საგანგებო წარმომადგენელი სტაფან დე მისტურა ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილში კონსტიტუციის შეცვლას ცდილობს.
Reuters-ის ინფორმაციით, გაერო-ს წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, იორდანიის, გერმანიის, საფრანგეთის და ეგვიპტის პირველ დიპლომატებთან შეხვედრას 14 სექტემბერს გეგმავს. მანამდე, 11-12 სექტემბერს იგივე საკითხზე მოსალაპარაკებლად რუსეთის, თურქეთის და ირანის წარმომადგენლებს შეხვდება.
სტაფან დე მისტურამ ახალი კონსტიტუციის ფორმირებისთვის სპეციალური კომიტეტი უნდა შექმნას, რომელიც სირიის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.
საკითხის განსახილველად სირიის დაპირისპირებულ მხარეებთან შეხვედრას სტაფან დე მისტურა ივნისში გეგმავდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა.
საკონსტიტუციო კომიტეტის ჩამოყალიბება სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. უკვე ორი წელია, მხარეები ჟენევაში იკრიბებიან და სირიის პოლიტიკურ რეფორმებზე, ახალ კონსტიტუციასა და არჩევნებზე მსჯელობენ, თუმცა კონკრეტულ შედეგს ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.