გადაუღებელმა წვიმებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
გადაუღებელმა წვიმებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

გადაუღებელმა წვიმებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სოფელ მედანში, ლარა ლაკადას უბანში მიქავების საკარმიდამო ეზოში მეწყრული პროცესები დაიწყო, თხილნარსა და სიმინდის ყანებში ორ ჰექტარ მიწაზე გაჩნდა ბზარები.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამარ ბელქანია აცხადებს, რომ ამ წუთებში სწავლობენ, თუ რა საფრთხე ემუქრება არა მარტო მიქავების ოჯახს, არამედ კიდევ რამდენიმე ოჯახს და მთელ უბანს. მისივე თქმით, ბზარები იზრდება და თუ ასე გაგრძელდა, საჭირო იქნება რამდენიმე ოჯახის გაყვანა.

ბელქანიას ინფორმაციით, მეწყრული პროცესი გაზსადენის მილებსაც აზიანებს, რაც სერიოზული საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, პრობლემის მოგვარებაში ცენტრალური ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს, რადგანაც ამ მასშტაბის პრობლემას ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება.