გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქების შესაბამისად, დღეიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე შეზღუდვის მოქმედების საათების ცვლილებიდან გამომდინარე, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცვლება, – ამის შესახებ თბილის მერიაში აცხადებენ.
მათივე ცნობით, დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები) მგზავრებს, 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება საბაგირო გზებს, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.
„კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადგილების აუცილებლობას გულისხმობს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება“, – აღნიშნავენ თბილისის მერიაში.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან, 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება.