თბილისის მერია - მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება ყველა მიმართულებით, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებებია და ტრანსპორტი ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის
თბილისის მერია - მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება ყველა მიმართულებით, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებებია და ტრანსპორტი ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის

უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, თბილისის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სპეციალური ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.

„დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება ყველა მიმართულებით, თუმცა, ინტენსიური თოვის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებებია და ავტობუსები ვერ ახერხებს ბოლო გაჩერებამდე მისვლას.

ამ დროისთვის, ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე: N107, N301, N316, N318, N324, N326, N329, N332, N347, N364, N368, N374, N380, N382, N390, N398“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ამასთან, დედაქალაქის მერია მოქალაქეებს მიმართავს.

„თბილისის მერია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, ცენტრალურ ქუჩებში იმოძრაონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომანქანებით, ხოლო შემოერთებულ ტერიტორიებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე, მაღალი გამავლობის ავტომანქანების გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.