გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ყველა მესამე ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთს დაეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, უნდა იყოს მკაფიო გზავნილი, რომ სანქციები შესაძლოა, მათზეც გავრცელდეს
ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ უკრაინის მიმართვას ევროკავშირის გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არის კარგი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ევროპამ არ შეიძლება, შექმნას დაღლილობის შთაბეჭდილება მაშინ, როდესაც ომი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა.
„ჩვენ არ უნდა დავიღალოთ სანქციების დაწესებით, არ უნდა დავიღალოთ უკრაინისთვის დახმარებისა და მხარდაჭერის შეთავაზებით. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ უკრაინის მიმართვას ევროკავშირის გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე. ოთახში არის ასეთი გრძნობა, რომ ჩვენ ვისურვებდით დაჯდომას და ამოსუნთქვას, რადგან ბოლო 3-4 კვირა ძალიან რთული იყო არა უკრაინისთვის, არამედ ევროპელებისთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი გზავნილია მათთვის, ვინც ახლა იბრძვის უკრაინაში“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამატებით სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„რაც შეეხება სანქციებს, ვფიქრობ, თავიდან ვერ ავიცილებთ ენერგოსექტორზე საუბარს. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად ვისაუბრეთ ნავთობზე, რადგან ეს არის რუსეთის ბიუჯეტში უდიდესი შემოსავალი. ასევე ის არის მარტივად ჩანაცვლებადი ინფრასტრუქტურისა და მრავალი მიმწოდებლის გათვალისწინებით“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.
რუსეთის მიერ ზებგერით იარაღის გამოყენებაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად, ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ საჭიროა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით დასავლეთმა წითელი ხაზი განსაზღვროს.
„ვფიქრობ, ეს არის შეკითხვა მთელი გლობალური ალიანსისთვის. ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი წითელ ხაზებზე. არის თუ არა რამე წითელი ხაზი და რა იქნება დასავლეთისთვის, ყველა ჩვენგანისთვის წითელი ხაზი. ახლა ვხედავთ ქალაქების დაბომბვას, ათასობით მოქალაქის მკვლელობას. აშკარაა, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის წითელი ხაზი, თუმცა ეს ხაზი უნდა არსებობდეს“, – განაცხადა მან.
ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის წითელი ხაზი რუსეთმა უკვე გადაკვეთა.
რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში მესამე ქვეყნების შესაძლო დახმარებას, ლიეტუველი დიპლომატის თქმით, უნდა იყოს მკაფიო გზავნილი, რომ ეს სანქციები ამ ქვეყნებზეც გავრცელდება.
„უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი ყველა მესამე ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთს დაეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, რომ იგივე სანქციები შესაძლოა, გავრცელდეს ამ ქვეყნებზეც. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამას. ეს ჩვენდამი ნდობას ეხება. ჩვენ სანქციების ახალ ეტაპზე გადავდივართ, ევროკავშირს არასდროს ჰქონია დაწესებული ამდენი სანქცია, როგორც ახლა. შესაბამისად, ჩვენ შესაძლოა, გვქონდეს ინსტიტუტი, რომელიც იმუშავებს სანქციების საკითხზე, მათ შესრულებაზე, ზედამხედველობას გაუწევს მთელ პროცესს მათი დაწესების პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან მათ აღსრულებამდე“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.