გაბრიელიუს ლანდსბერგისი - პატივს მივაგებთ იმ ადამიანების თავგანწირვას, რომლებიც წინ აღუდგნენ საბჭოთა ტერორს, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს პატივს მივაგებთ მათ გამბედაობასა და თავგანწირვას, ვინც საბჭოთა ტერორს წინ აღუდგა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
ლანდსბერგისის განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს პატივს მივაგებთ მათ გამბედაობასა და თავგანწირვას, ვინც საბჭოთა ტერორს წინ აღუდგა 1989 წელს და აღადგინა დამოუკიდებლობა 1991 წელს. დღეს ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნულია გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაში.
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.