გაბრიელიუს ლანდსბერგისი - დასავლეთმა შეიძლება, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები გააგზავნოს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლეთმა შეიძლება, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები გააგზავნოს. ამის შესახებ განცხადება გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიტანელ კოლეგასტან, დევიდ ქემერონთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიტანულ „გარდიანთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მხარი დაუჭირა ქემერონის განცხადებას, რომ უკრაინას შეუძლია, ბრიტანული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.
„ჩვენი სამხედროები უკრაინელებს ომამდე წვრთნიდნენ უკრაინაში. ამას მრავალი წელია, ვაკეთებთ. ამიტომ ამ ტრადიციასთან დაბრუნება სავსებით შესაძლებელია“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროების წვრთნა უკრაინის ტერიტორიაზე უფრო პრაქტიკულია, ვიდრე მათი ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე გაწვრთნა.
„შესაძლებელია, რომ ინსტრუქტორების დისლოცირება მოხდეს უკრაინელების უკრაინაში წვრთნის მიზნით შექმნილი კოალიციის ფარგლებში და მათი დაცვა მოხდეს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცის ნაწილი შეიძლება დაცული იყოს საჰაერო თავდაცვით“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი იქნებოდა გზავნილი პუტინისადმი, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, როგორ დაეხმარება დასავლეთი უკრაინას.
„ამის მაგივრად, ჩვენ თავად შევხედავთ, რა არის საჭირო და მოვახდენთ ადაპტაციას ვითარებასთან, იმიტომ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება“, – თქვა ლანდსბერგისმა.
მისივე განცხადებით, ლიეტუვის პარლამენტმა უკვე მიანიჭა მანდატი მთავრობას, რომ უკრაინელების წვრთნა უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდეს, მაგრამ, მინისტრის მოსაზრებით, ამის გაკეთება უკეთესი იქნება უფრო ფართო კოალიციის ფარგლებში.