გაბრიელიუს ლანდსბერგისი - არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთმანეთის გვესმის, როდესაც ვსაუბრობთ, რას იწვევს ევროკავშირის წევრობა, ფაქტობრივად, შენ თმობ სუვერენიტეტის ნაწილს, ორივე ერთად ვერ გექნება
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთმანეთის გვესმის, როდესაც ვსაუბრობთ, რას იწვევს ევროკავშირის წევრობა, ფაქტობრივად, შენ თმობ სუვერენიტეტის ნაწილს, ორივე ერთად ვერ გექნება

არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთმანეთის გვესმის, როდესაც ვსაუბრობთ, რას იწვევს ევროკავშირის წევრობა. ფაქტობრივად, შენ თმობ სუვერენიტეტის ნაწილს, ეს ასე მუშაობს, ორივე ერთად ვერ გექნება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ლანდსბერგისმა აღნიშნა, „როდესაც შენ ადგახარ ევროკავშირის გზას, თუ შენ გადაწყვიტე, ამ გზით იარო, მაშინ არსებობს კონკრეტული ვალდებულებები“.

„ჩვენ გვითხრეს დღის განმავლობაში, რომ არსებობს ძალიან დიდი კითხვა სუვერენიტეტთან დაკავშირებით. გვითხრეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად შეადგინოს საკუთარი კანონები და რომ არცერთ სხვა ქვეყანას ამის აკრძალვა არ შეუძლია. ჩვენ მოგვიწია, ძალიან მკაფიოდ გვეთქვა, რომ ჩვენ არაფერს ვარღვევთ და არაფერს ვაიძულებთ, მაგრამ არის გზა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ და, მათ შორის, თქვენს სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიაშიც, აირჩია. ეს ქვეყნები არ არიან დაინტერესებული, რამე საქმე ჰქონდეთ ევროკავშირთან. მაგალითად, აზერბაიჯანი, რომელიც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი და ჩვენ მოლაპარაკებებს ვმართავთ მათთან შეთანხმებაზე, რაც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. არავინ აიძულებს აზერბაიჯანს, მიიღოს რაიმე კანონი, მაგრამ არის აზერბაიჯანი ევროკავშირის გზაზე? არა.

ასე რომ, როდესაც შენ ადგახარ ევროკავშირისკენ გზას, თუ შენ გადაწყვიტე, ამ გზით იარო, მაშინ არსებობს კონკრეტული ვალდებულებები, ვიდრე ამ გზით მიდიხარ. გულწრფელად გეტყვით, პირველი ნაბიჯები არც ისე რთულია, შემდეგ ეს უფრო რთული იქნება. ჩვენ ვიცით, რადგანაც ეს გამოვიარეთ. ეს არ არის მარტივი, რადგან ამ გზის ბოლოსკენ შენ უკვე ნამდვილად იწყებ საუბარს სუვერენიტეტზე. არსებობს ვაჭრობის საკითხი, რომელსაც თმობ და ვაჭრობა ხდება ევროკომისიის კომპეტენცია.

მე არ ვარ დაწმუნებული, რომ ჩვენ ერთმანეთის გვესმის, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რას იწვევს ევროკავშირის წევრობა. ფაქტობრივად, შენ თმობ შენი სუვერენიტეტის ნაწილს. ეს ასე მუშაობს. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ მათ სჭირდებათ სრული სუვერენიტეტი და ამ სუვერენიტეტის არცერთი ნაწილი არ უნდა გადასცენ ბრიუსელს და, შესაბამისად, მათ დატოვეს ევროკავშირი. ეს შესაძლებელობა არსებობს. ცუდია თუ კარგი ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება, ამ მოსაზრებას ჩვენთვის ვიტოვებთ. მაგრამ ასეთი შესაძლებელობა არსებობს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ორივე ერთად ვერ გექნება, ეს ყველაფერი ასე არ მუშაობს“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.