გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას პროკურატურა დღეს გაავრცელებს
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას პროკურატურა დღეს გაავრცელებს.
უწყების ცნობით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულს 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ს.დ-ს, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს გვიან ღამიდან მიმდინარეობდა. ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.
სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
დაახლოებით, 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.