გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულს 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულს 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ს.დ-ს, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, საქმეზე დამატებითი ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, სამი ლიკვიდირებულია. დაიჭრა სუს-ის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი.