G7 მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს, – ამის შესახებ ნათქვამია დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი შეზღუდვები მოსკოვს იმ შემთხვევაში დაუწესდება, თუ რუსეთი ე.წ. მინსკის შეთანხმებას კვლავ არ შეასრულებს.
დიდი შვიდეულის წევრებმა ასევე მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთი „დემოკრატიულ სისტემებში ჩარევის გამო. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ, ვინც ცდილობს, „დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს“, მზად უნდა იყოს „მოსალოდნელი შედეგებისთვის“.
მიუხედავად ამისა, დიდი შვიდეული გამოთქვამს სურვილს, რუსეთთან გლობალური კრიზისების დასაძლევად ითანამშრომლოს და შესაბამისად, მოსკოვთან დიალოგის გზების ძიებას აგრძელებს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ სალივანმა განაცხადა, რუსეთი სირიის საკითხზე უნდა იყოს „კონსტრუქციული პარტნიორი“.
რუსეთის დღევანდელ ქცევას სალივანმა მიუღებელი უწოდა. ამ კონტექსტში მან ახსენა სოლსბერიში რუსეთის ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე, ასევე მოსკოვის მხრიდან ბაშარ ასადის მხარდაჭერა და ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია.