ფუტსალის ლიგა | „დინამო თბილისის“ მწვრთნელი - ჩვენი მიზანი ფუტსალის ლიგაში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლაა #1TVSPORT
ფუტსალის კლუბ „დინამო თბილისის“ მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლაა – ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა მაისაიამ და საუკეთესო ბომბარდირმა ლაშა-გიორგი ობოლაძემ ისაუბრეს.
კახა მაისაია: „განვლილ სეზონს დადებითად შევაფასებ. ხელმძღვანელობასთან ერთად ძალიან დიდი სამუშო ჩავატარეთ. მოვიპოვეთ ფუტსალის ლიგა 2-ის საგზური, რაც დიდი წარმატებაა. გუნდის მთავარი მიზანი ფუტსალის ლიგაში მოხვედრა და ჩემპიონობაა, ამ ყველაფერს კი, ბუნებრივია, ჩემპიონთა ლიგაზე ღირსეული გამოსვლა უნდა მოჰყვეს.
რაც შეეხება ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალს, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია გათამაშება ჩემპიონის რანგში დავასრულოთ. ამის შემდეგ ვიზრუნებთ, რომ ლიგა 2-ში უფრო გაძლიერებული შემადგენლობით ვიასპარეზოთ. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი გუნდის ყველა მოთამაშეს. მოგეხსენებათ, რომ ბევრმა მათგანმა ახლა დაიწყო ფუტსალის თამაში, წარმატების მისაღწევად ყველა ერთად ვშრომობთ“.
ლაშა-გიორგი ობოლაძე: „ახალი გუნდი ვართ. ვიბრძვით, რომ „დინამოს“ სახელი ღირსეულად ვატაროთ. გვიხარია, რომ ჯერ თამაში არ წაგვიგია. ბევრ რამეს ახლა ვსწავლობთ, რადგან ზოგიერთს ფუტსალის თამაში ახალი დაწყებული აქვს. ფუტსალის ლიგა 2-ის საგზური უკვე მოვიპოვეთ, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მოვხვდეთ ფუტსალის ლიგაში და შემდგომ ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზოთ“.