ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი აბიტურიენტებს რჩევებს აძლევს - გამოცდის წინა ღამეს არ ვათენებთ, არანაირი სტიმულატორი, არანაირი დამამშვიდებელი
გამოცდის წინა ღამეს არ ვათენებთ, არანაირი სტიმულატორი, არანაირი დამამშვიდებელი, – ამის შესახებ პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა, ნანა გოგიჩაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
ფსიქოლოგიის დოქტორმა აბიტურიენტებს სასარგებლო რჩევები მისცა.
„წინა ღამეს არ ვათენებთ; არანაირი სტიმულატორი, არანაირი დამამშვიდებელი. იმიტომ, რომ ნერვული სისტემის დამამშვიდებელი აზროვნების პროცესებსაც ამუხრუჭებს. წინა საღამოს ვერაფერს ვეღარ ვისწავლით. სასწავლი უკვე ნასწავლია. ასე რომ, ბავშვებს ზედმეტად ნუღარ დავტვირთავთ“, – განაცხადა გოგიჩაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნება თუ არა წლევანდელი გამოცდები უფრო მეტად სტრესული, იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება პანდემიის პირობებში მოუწევთ, ნანა გოგიჩაშვილმა განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლების მოლოდინის ვერგამართლების შიში უფროა სტრესის წინაპირობა, ვიდრე თვითონ გამოცდის პროცესი.
„კიდევ ის, რომ ამ დროს, ოჯახიც და ბავშვიც შედეგებზე აკეთებს აქცენტს და არა თვითონ პროცესზე. პირველ გამოცდაზე რომ გადის, აქცენტი იმაზე კეთდება, ახლა რას მივიღებ, მერე რას მივიღებ, დედა რას იტყვის და ასე შემდეგ. პირდაპირ ვიტყვი, ძალიან ხშირად მშობლები სცოდავენ – შენ თუ აქ არ ჩააბარებ, გული გამისკდება, თავს მოვიკლავ, თავს ჩამოვიხრჩობ და ასე შემდეგ. ეს პირდაპირ შანტაჟია მოსწავლის, რომელიც ისედაც არანაკლებ სტრესს განიცდის, რადგან მას ეს პრობლემები თავის თავთანაც აქვს გასარკვევი“, – განაცხადა გოგიჩაშვილმა.
მისი თქმით, ძალიან ბევრ მოსწავლეს აქვს ე.წ ფრიადოსნის სინდრომი, რაც თავის მხრივ, არის პერფექციონიზმის პრობლემა და ეს შეიძლება, ფსიქიკურ აშლილობამდე მივიდეს.
„ეს არის გაუცნობიერებელი სწრაფვა მუდმივი სრულყოფილებისკენ და ამაში მშობლები ისევ და ისევ სცოდავენ“, – განაცხადა გოგიჩაშვილმა.
როგორც გოგიჩაშვილმა აღნიშნა, სტრესის ფონზე შეიძლება, დაფიქსირდეს ტემპერატურის მატება.
„ღელვის საფუძველზე ბავშვს შეიძლება, ტემპერატურა დაუფიქსირდეს; შეიძლება, იყოს კუჭ-ნაწლავის პრობლემა, სუნთქვის პრობლემა, თავბრუსხვევა, მსუბუქი გულისრევა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნანა გოგიჩაშვილმა.