„ფრიდომ ჰაუსმა“ 2017 წლის ანგარიშში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომა აღიარა
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ 2017 ანგარიშში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომა აღიარა და ჩაასწორა.
ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად არჩევის შემდეგ დახურა მეორე არხი, რომელიც პარლამენტის სხდომებს გადასცემდა.
ორგანიზაციამ დოკუმენტში შესწორება 13 აპრილს შეიტანა.
„აღნიშნული ანგარიშის წინა ვერსიაში არასწორად იყო ნათქვამი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი დაიხურა. არხი ამ დრომდე ოპერირებს, თუმცა მისი კონტენტი შემცირებულია“, – აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშის შესწორებაში, რომელიც ანგარიშს ერთვის.
პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ უხეში ფაქტობრივი შეცდომა უწოდა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეორე არხზე პარლამენტის სხდომები აღარ გადაიცემა.
მაღლაფერიძის განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადართოს მეორე არხზე და თავად დარწმუნდეს, რომ ჩვეულებრივად გადაიცემა არა მხოლოდ პლენარული, არამედ კომიტეტის სხდომებიც.
„როგორც ჩანს, „ფრიდომ ჰაუსის“ ინფორმატორებმა მეორე არხს არასასესიო კვირაში უყურეს ან განზრახ არასწორი ინფორმაცია მოიგონეს. „ფრიდომ ჰაუსის“ ინფორმაცია, რომ მეორე არხზე პარლამენტის სხდომები აღარ გადაიცემა, უბრალოდ ტყუილია. ვფიქრობ, ყველასთვის თვალსაჩინო ფაქტის ასეთი გაყალბება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.