„ფრიდომ ჰაუსის“ 2021 წლის ანგარიშში - „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“ საქართველოს 36,31 ქულა აქვს
ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს 2021 წლის ანგარიშს – „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, რის მიხედვითაც საქართველოს 100-დან 36,31 ქულა აქვს მინიჭებული.
შარშან საქართველოს ამავე ანგარიშში 38 ქულა ჰქონდა. დემოკრატიის კუთხით მაჩვენებლის მაქსიმალური ქულა კი 7-დან 3,18-ს შეადგენს.
ანგარიშის ავტორების თქმით, საქართველოს საარჩევნო რეიტინგი 3,25-დან 3,00-მდე შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ მიუხედავად ზოგიერთი კომპრომისისა და საარჩევნო კოდექსის პოზიტიური ცვლილებისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩრდილი მიაყენა ამომრჩევლების მოსყიდვის შემთხვევებმა და ოპოზიციის მიერ მეორე რაუნდის ბოიკოტმა, რაც წლის ბოლოს პოლიტიკური ჩიხის მიზეზი გახდა.
„საქართველოში ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტმა და 2021 წელს ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაპატიმრებამ მკაფიოდ აჩვენა ქვეყნის ბოლოდროინდელი რეფორმების მცდელობის დასასრული. საქართველოს დემოკრატიული ქულა ახლა 10 წლის წინანდელ ნიშნულს უახლოვდება, ანუ იმ პერიოდს, როდესაც მოქმედი მმართველი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, მათი მზარდი ავტოკრატიულობით გამორჩეულია წინამორბედების გამო საზოგადოებაში არსებული იმედგაცრუების ფონზე“ – წერია ანგარიშში.
ამასთან, ფრიდომ ჰაუსის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი უარყოფითად არის შეფასებული.
„უფრო მეტად ტრაგიკულია, რომ ჰიბრიდულ რეჟიმებში ოპოზიციური ჯგუფები საჭიროდ მიიჩნევენ, ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს, რადგან სათამაშო ველი დრამატულად არათანაბარია, ისე როგორც ეს გამოჩნდა საქართველოში და სერბეთში. ამ გზით გამარჯვებულებისთვის ლეგიტიმურობის ჩამორთმევისა და სერიოზულ დარღვევებზე ყურადღების გამახვილებასთან ერთად, ბოიკოტი ასევე ართმევს ამომრჩევლებს ცვლილებების იმ მცირე შესაძლებლობასაც კი, რომელიც შეიძლება რჩებოდეს. არჩევნები ყოველთვის არ იწვევს ნეგატიურ ცვლილებებს ან პირიქით, უბიძგებს ქვეყანას ჰიბრიდული სტატუსიდან გამოსვლისკენ, მაგრამ როცა არავინ არაფერს ცდილობს, მაშინ ცვლილებების შანსი საერთოს ნულის ტოლია“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგი 3,75-დან 3,50-მდე შემცირდა, რაც უკავშირდება აჭარის ტელევიზიის სადავო საქმეს და ასევე კანონმდებლობას, რაც ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას აძლევს უფლებას, ჩაერთოს მაუწყებლების საქმიანობაში.
„საქართველოს მედიაგარემოზე ასევე აისახა პოლიტიკური ჩარევა და პოლარიზაცია 2020 წელს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და რადიოდან თანამშრომლების გათავისუფლებით, რაც წარმოადგენს ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის მძლავრ მაგალითს“, – ნათქვამია ანგარიშში.