„ფრიდომ ჰაუსის“ 2020 წლის ანგარიშში - „თავისუფლება მსოფლიოში“ საქართველოს 100-დან 61 ქულა აქვს მინიჭებული
„ფრიდომ ჰაუსის“ 2020 წლის ანგარიშში – „თავისუფლება მსოფლიოში“ საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს 100-დან 61 ქულა აქვს მინიჭებული. აღსანიშნავია, რომ შარშან ამავე ანგარიშში საქართველოს 63 ქულა ჰქონდა.
ორგანიზაციის ვებგვერდზე ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების კომპონენტში 100-დან 75 ქულა აქვს. „ფრიდომ ჰაუსის“ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ საქართველოს შესახებ ანგარიში უახლოეს ხანში იქნება ხელმისაწვდომი.
ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის ასევე მოხვდა სომხეთი, რომელსაც 53 ქულა აქვს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის არათავისუფალი ქვეყნების რიცხვშია და მის მიერ მიღებული ქულა 10-ა. არათავისუფალ ქვეყნებს შორის არის თურქეთიც, რომელსაც „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის ავტორებმა 32 ქულა მიანიჭეს. არათავისუფალი ქვეყნების რიცხვშია რუსეთი, 20 ქულით.
სულ არათავისუფალი ქვეყნების სიაში 49 სახელმწიფოა, მათ შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს თურქმენეთსა და ტაჯიკეთს.
ყველაზე თავისუფალ ქვეყნებად „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით დასახელებულია ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია.