ფრენების უსაფრთხოების მიზნით, საქაერონავიგაციამ ზამთრის სეზონისთვის ახალი პროექტები განახორციელა
ფრენების უსაფრთხოების მიზნით, საქაერონავიგაციამ ზამთრის სეზონისთვის ახალი პროექტები განახორციელა

შპს „საქაერონავიგაციამ” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი პროექტი განახორციელა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, წარმატებით დასრულდა სახელსაწყო დაფრენის სისტემების (ILS 13R) შეცვლა პირველი ეტაპი და 420 მეტრით გაფართოვდა თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემა 13R კურსით.

„იკაოს“ (ICAO) მიერ დადგენილი პროცედურების თანახმად, აღნიშნული სისტემის საფრენოსნო შემოწმება ჩეხური კომპანიის – ANS CR თვითმფრინავმა-ლაბორატორიამ განახორციელა. საფრენოსნო შემოწმება გულისხმობს სანავიგაციო საშუალების შემოწმებას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც ამოწმებს მის მუშაობას და შესაბამისობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ICAO Annex 10 -ით დადგენილ სტანდარტებთან.

განახლებული ILS 13R და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გაფართოებული შუქ-ტექნიკა ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში.

„ზამთრის სანავიგაციო სეზონს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვხვდებით. ორივე პროექტი უსაფრთხო ფრენების განსახორციელებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS) თვითმფრინავის „გზამკვლევია” და უზრუნველყოფს ავტომატურ რეჟიმში საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ზუსტი დაფრენის შესაძლებლობას, ხოლო თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 13R კურსით მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღჭურვილი დღემდე არ ყოფილა. ორივე პროექტი საქაერონავიგაციას აძლევს საშუალებას, უზრუნველყოს მომფრენი თუ გამფრენი საჰაერო ხომადების უსაფრთხო ოპერირება რთული მეტეოპირობების, მათ შორის დაბალი ხილვადობის დროს”, – განაცხადა შპს „საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის 900 მეტრამდე გაფართოების პროექტზე, რომლის დასრულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლისთვის 13R კურსით „იკაოს“ (ICAO_ პირველი კატეგორიის მინიჭების საფუძველი გახდება.