Freedom House - ბოლო ერთი წელია, საქართველოში არალიბერალური მოძრაობის ორგანიზებული აქციები გახშირდა
სამოქალაქო საზოგადოებამ საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა – ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა.
„არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო ათი წელია, ბევრ რამეს აკეთებენ პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, მიუხედავად არაერთი პრობლემისა, რომელსაც ეს სექტორი აწყდება.
გამოიკვეთა, რომ ბოლო ათ წელიწადში საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში დიდი როლი სწორედ სამოქალაქო საზოგადოებამ ითამაშა. სწორედ სამოქალაქო საზოგადოებამ მოახდინა გავლენა 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ პროცესში და შემდგომ, 2012 წელს, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არჩევნების გზით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი აქტორები არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად სტუდენტები და ახალგაზრდა თაობაა. 2017 წელს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით საქართველოში მასშტაბური აქცია გაიმართა, როდესაც რეპჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებოდათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. საპროტესტო აქციებმა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით იყო ორგანიზებული, მთავრობაზე ზეწოლა მოახდინა და ისინი გაათავისუფლეს. ამ კუთხით ყველაზე აქტიური მოძრაობებია „თეთრი ხმაურის მოძრაობა“, ასევე „პარტიზანი მებაღეები“, „იარე ფეხით“ და „მწვანე მუშტი“, რომლებიც გარემოსდაცვითი მიმართულებით იბრძვიან. ასევე, აღსანიშნავია „აუდიტორია 115“ – სტუდენტების მიერ დაფუძნებული მოძრაობა, რომელიც ელიტური კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოში სუსტია პროფკავშირები, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა შრომითი უფლებების შესახებ ახალი კანონი მიიღო.
„შრომითი უფლებების დასაცავად ბოლო თვეებია, არაერთი მოძრაობა აქციებს მართავს. საქართველოში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდის დამოკიდებულება უცხოურ ინვესტიციებზე, საქართველოს მთავრობას აღნიშნული პრობლემების გადაჭრას ურთულებს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახშირდა არალიბერალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციები. 2017 წლის ივლისში გაიმართა ქართული მარშის დემონსტრაცია, რომელიც საკუთარ თავს არალეგალური მიგრაციისა და უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ მებრძოლ მოძრაობას უწოდებს. თუმცა, სოციალურ ქსელში ზემოთ ხსენებული მოძრაობის წევრებმა ახალგაზრდა ქალის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი პოსტები გაავრცელეს. ისინი მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ქალს ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ. ამ ფაქტმა „ქართული მარშის“ დისკრედიტაცია მოახდინა, რასაც ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან კონტრაქციები მოჰყვა.
საქართველოში ერთ-ერთი გამოწვევაა ჰომოფობიური განწყობა. ამის მაგალითია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანის მიერ მკლავზე შებმული ცისარტყელის ფერების სამკლავური, რასაც ქართულ საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი ამ ჟესტის გამო მის გადადგომას ითხოვდა“, – ვკითხულობთ Freedom House-ის ანგარიშში.