ფრაქცია „ლელო“ დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტებს მოუწოდებს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს
ფრაქცია „ლელო“ დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტებს მოუწოდებს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს

ფრაქცია „ლელო“ დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტებს მოუწოდებს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს, რომელსაც ეკონომიკის, იუსტიციისა და გარემოს დაცვის მინისტრები დაესწრებიან.

ფრაქცია კითხვებზე პასუხების მისაღებად პარლამენტში იწვევს პროექტის მოწინააღმდეგეებსაც.

როგორც „ლელოში“ აცხადებენ, „ნამახვანჰესის“ აშენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არა ბარიკადებისა და დაპირისპირების ფონზე, არამედ საერთაშორისო სტანდარტის დონის შეთანხმებით.

„ქვეყანაში მიდის ცხარე დისკუსია, აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“. ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და პარტია „ლელოს“ პოზიციაა დიახ, უნდა აშენდეს და არა ისე, როგორც დღეს ხდება ეს, არა ბარიკადების ფონზე, არა ძალადობისა და დაპირისპირების ფონზე, არამედ უნდა აშენდეს იმ მდგომარეობაში, როცა ეს უპირველესად ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე, იმ გარემოზე იქნება ორიენტირებული და ეს პროექტი იქნება განხორციელებული საერთაშორისო, ძალიან მაღალი სტანდარტით. როცა ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებობს ამდენი კითხვა და მეორე მხრივ, საქართველოში ოთხმოცზე მეტი ენერგო, ჰიდრო თუ სხვა მსგავსი პროექტები არ განხორციელებულა, რომლის უკან დგას მილიარდობით საინვესტიციო თანხა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ მართავს პროცესებს, ვერც ეკონომიკურ პოლიტიკას და განსაკუთრებით ჩვენს ენერგოპოლიტიკას. საუბარი იმაზე, რომ „ნამახვანჰესი“ იქნება ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, შეიძლება საპირისპირო მივიღოთ, თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელსაც ადგას, გაგრძელდება.

ჩვენი მოწოდებაა, ყველა მხარე მოვიდეს პარლამენტის შენობაში. ჩვენი ფრაქცია გიწვევთ, რათა ყოველგვარი ემოციების გარეშე, მაღალპროფესიულ დონეზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გავცეთ ყველა კითხვას პასუხი. ეს უნდა გახდეს მაგალითი იმისა, რომ სხვა პროექტებს მიეცეთ მწვანე შუქი. საქართველოში bussines doing ინდექსი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უკვე ჩვენი ინვესტორების მხრიდან და ბოლო მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში არ შემოდის ინვესტიციები. ეს უნდა იყოს შემოტრიალების მაგალითი, სადაც ხალხი, რომელიც ამას აპროტესტებს, მთავრობა, ინვესტორი და ყველა ჩართული მხარე შეთანხმდება ოქროს ფორმულაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.