ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა, ზვიად ძიძგურმა განაცხადა.

როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, „კონსერვატორები“ ყოველთვის იდგნენ გუნდის გვერდით, როცა ეს გუნდს სჭირდებოდა.

„მე, ზვიად ძიძიგურმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა, „კონსერვატიული“ ფრაქციის წევრმა, მივიღე გადაწყვეტილება, უმრავლესობის რიგებისა და თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება განაპირობა გუშინდელმა საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში გულწრფელები ვიყავით, როდესაც ვარწმუნებდით საზოგადოებას, რომ ასეთი ტიპის ცვლილებას განვახორციელებდით. იმედი გვქონდა, მოხდებოდა ყველა პარტიისთვის შესაძლებლობის მიცემა და მრავალფეროვნების წარმოშობა, ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა. მინდა, განვაცხადო იმათ გასაგონად, ვინ ამბობს, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ, როცა გუნდს ვჭირდებოდით. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, რომლებმაც უარი განაცხადეს, მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. „კონსერვატორებს“ არასდროს გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპებისთვის. არ ვაპირებთ, დავრჩეთ იქ, სადაც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით არის გაუმართლებელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რბილი სიტყვა შევარჩიო, თუმცა სხვა სიტყვაც მადგება პირზე“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრები არიან: გიგა ბუკია – ფრაქციის თავმჯდომარე, მუხრან ვახტანგაძე – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე,  რულსან გაჯიევი – ფრაქციის მდივანი, ნინო გოგუაძე – ფრაქციის წევრი, პაატა კვიჟინაძე – ფრაქციის წევრი, ზვიად ძიძიგური – ფრაქციის წევრი.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ზვიად ძიძგური გარდა, იმყოფებოდნენ ნინო გოგუაძე და გიგა ბუკია. როგორც ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, ფრაქციის სხვა წევრები საკუთარ გადაწყვეტილებაზე თავად ისაუბრებენ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

ამის შემდეგ უმრავლესობის რიგების და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.