ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს
საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს.
09:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც შედგება სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ამასთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.
ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს დაათვალიერებს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია.