ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - საქართველო გერმანელი ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია
საქართველო გერმანელი ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას.
შტაინმაიერმა საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე საუბრისას, ქართულ-გერმანული თანამშრომლობის წელს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ წლებმა ძალიან წარმატებით ჩაიარა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-გერმანული თანამშრომლობის წლებზე. გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელი, 2017-2018 წლები, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. მინდა, ამას ხაზი გავუსვა, რადგან პირველად, მთელი სიმდიდრე გამოჩნდა ქართულ-გერმანული ურთიერთობებისა. ძალიან ბევრი ავტორი წარმოჩინდა, ასევე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კონტექსტში. ძალიან ბევრი ქართველი ავტორი გაიცნო, როგორც გერმანიამ, ისევე სხვა ქვეყნებმა“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
მისი თქმით, გერმანულ გაზეთებსა და ჟურნალებში საქართველოს შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაციაა.
„პრაქტიკულად, ყველა გაზეთსა თუ ჟურნალში ქართულ ლიტერატურაზე, ქართულ კულტურაზე იწერება. ასევე, სვანეთში მგზავრობის შემოთავაზება თუ მაგალითად, რთველზე დასწრება კახეთში, ძალიან ბევრი კონკრეტული, დეტალური ინფორმაციაა საქართველოზე. სწორედ ის შედეგი დგება, რომ საქართველო გერმანელი ტურისტებისთვის არის ძალიან მიმზიდველი და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს გაიზრდება ტურისტების რაოდენობა საქართველოში“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.