ფრანკ დე ბური „ატლანტა იუნაიტედის“ მწვრთნელად დაინიშნა
ფრანკ დე ბური „ატლანტა იუნაიტედის“ მწვრთნელად დაინიშნა

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფრანკ დე ბური ამერიკული საფეხბურთო ლიგის გუნდის, „ატლანტა იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

48 წლის ვეტერანმა მწვრთნელობა 2007 წელს „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების მეორე მწვრთნელი იყო, 2010-2016 წლებში კი „აიაქსის“ ძირითად გუნდს წრთვნიდა, რომელთან ერთადაც ოთხჯერ ზედიზედ, 2011-2014 წლებში, ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა.

კარგი დასაწყისის მიუხედავად, მომდევნო წლები დე ბურისთვის უიღბლო გამოდგა: 2016 წელს ის მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშნეს და სულ რაღაც 85 დღის შემდეგ გაანთავისუფლეს, 2017 წელს კი ინგლისურ „კრისტალ პალასშიც“ ანალოგიური ბედი ეწია და თანამდებობაზე დანიშვნიდან 77 დღეში იქნა განთავისუფლებული.

როგორ აეწყობა ჰოლანდიელის კარიერა ამერიკულ ლიგაში, ამას დრო გვაჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობის დროს ფრანკ დე ბურს „აიაქსში“, „ბარსელონაში“, „გალათასარაისა“ და „რეინჯერსში“ აქვს ნათამაშევი, კარიერა კი ყატარში დაასრულა.