ფრანგული მედია - ანტიმიგრაციული განწყობის გამო, მაკრონი უნგრეთიდან ელჩს, ერიკ ფურნიეს გაიწვევს
უნგრეთში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ერიკ ფურნიეს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ივლისის შუა რიცხვებში გაიწვევს. მიზეზი ფურნიეს ანტიმიგრაციული განწყობა და განცხადებებია. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
ფრანგმა დიპლომატმა უნგრეთის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ანტიმიგრაციული, ნაციონალისტური პოლიტიკა შეაქო. ამ ფაქტის გასაჯაროვების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა მაკრონს შეკითხვა დაუსვა, აპირებს თუ არა საფრანგეთის მთავრობა, მიიღოს ზომები ფურნიესთან მიმართებით.
„რამდენად მისაღებია თქვენთვის ის ფაქტი, რომ საფრანგეთის წარმომადგენელი უნგრეთში თავად უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მსგავსად საუბრობს?“, – ჰკითხა ჟურნალისტმა პრეზიდენტს, რაზეც მაკრონმა უპასუხა, რომ ერიკ ფურნიეს ივლისის შუა რიცხვებში უკან გაიწვევს.
ერიკ ფურნიე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად უნგრეთში 2015 წელს დაინიშნა. იგი 2007-2011 წლებში საქართველოში საფრნაგეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა.