ფრანგულ-შვეიცარიული ბაზელ-მულჰაუსის აეროპორტი უსაფრთხოების მიზნით დაიხურა, მანამდე კი მგზავრების ევაკუაცია მოხდა.
ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, უკავშირდება თუ არა აეროპორტის დახურვა საფრანგეთში სარკინიგზო ქსელში არსებულ შეფერხებებს.
„უსაფრთხოების მიზნით ტერმინალის ევაკუაცია მოხდა და ამჟამად აეროპორტი დაკეტილია. ფრენები დროებით შეჩერებულია. მგზავრებს ვთხოვთ, დაუკავშირდნენ ავიაკომპანიას ფრენის შესახებ ინფორმაციისთვის“, – აღნიშნულია აეროპორტის განცხადებაში.
აეროპორტი EuroAirport Basel-Mulhouse-Freiburg-ი საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ის მსოფლიოში ერთადერთი აეროპორტია, რომელიც ორი ქვეყნის მიერ ერთობლივად იმართება.
საფრანგეთში, ჩქაროსნული რკინიგზის ოპერატორ კომპანია SNCF-ში განაცხადეს, რომ სარკინიგზო ქსელის წინააღმდეგ ვანდალური აქტები განხორციელდა, რამაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე სარკინიგზო სისტემის მუშაობა შეაფერხა.
სარკინიგზო კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ სარკინიგზო სისტემის შეფერხების გამო, დღეს შესაძლოა, 250 ათასამდე მგზავრი დაზარალდეს, ხოლო კვირის ბოლომდე მათი რიცხვი, სავარაუდოდ, 800 000-ს მიაღწევს.
საფრანგეთის დაზვერვაში „სიენენს“ განუცხადეს, რომ „მსგავს მეთოდებს წარსულში ულტრამემარცხენეები იყენებდნენ“, მაგრამ „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ დღევანდელი ქმედებები მათ უკავშირდება“.