ფრანგი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ურსულა ფონ დერ ლაიენს აკრიტიკებს და თანამდებობას ტოვებს
ფრანგმა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრეტონმა აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, იმის გამო მიიღო, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უარი განაცხადა ის ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში შეეყვანა.
გადაწყვეტილების შესახებ ევროკომისარმა საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება.
„ბოლო მოვლენების გათვალისწინებით მივხვდი, რომ ვეღარ შევძლებ ჩემი მოვალეობების შესრულებას. ამიტომ დაუყოვნებლივ ვტოვებ ევროკომისრის თანამდებობას“, – განაცხადა ბრეტონმა.
ტიერი ბრეტონის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ფონ დერ ლაიენმა სთხოვა საფრანგეთს, რომ გაეწვია მისი კანდიდატურა ევროკომისიის ახალი შემადგენლობიდან „პირადი მიზეზების გამო“, სანაცვლოდ შემდგომი წარმომადგენელი უფრო „გავლენიან თანამდებობას“ მიიღებდა. როგორც ტიერი ბრეტონი აცხადებს, შეთავაზებაზე პარიზმა თანხმობა განაცხადა და საფრანგეთი სხვა კანდიდატურას წარადგენს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის ოფისს ევროკომისრის განცხადებაზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია.
ტიერი ბრეტონი ფონ დერ ლაიენის პირველი ვადის განმავლობაში იყო ევროკავშირის მრეწველობისა და შიდა ბაზრის კომისარი. როგორც მედია წერს, მისი და ურსულა ფონ დერ ლაიენის ურთიერთობა ბოლო თვეების განმავლობაში დაიძაბა. ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრეტონმა საჯაროდ გააკრიტიკა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის წარდგენა კომისიის მეთაურის პოსტზე მეორე ვადით.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფან სეჟურნეს შესთავაზა, შეცვალოს ტიერი ბრეტონი ევროკომისრის თანამდებობაზე. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა.