ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია - პირველი დეკემბრიდან რუსეთის ფედერაციიდან მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტის აკრძალვა, ქართულ ბაზარზე გავლენას არ მოახდენს
პირველი დეკემბრიდან რუსეთის ფედერაციიდან მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტი იკრძალება. რუსეთიდან მაგარი ხორბლის ექსპორტის აკრძალვა საქართველოში ხორბლის შემოტანაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგანაც ქვეყანა რუსეთიდან რბილი კატეგორიის ხორბალს ყიდულობს, – ამის შესახებ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში განაცხადეს.
როგორც ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, აკრძალვა არ ეხება რბილი კატეგორიის ხორბალს, რომელიც პურის წარმოების ინდუსტრიაში გამოიყენება და საქართველოში იმპორტირდება.
„გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 2023 წლის პირველი დეკემბრიდან რუსეთის ფედერაციიდან იკრძალება მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტი, გარკვეული დაბნეულობა და აჟიოტაჟი გამოიწვია“, – აცხადებენ ასოციაციაში.
ამასთან, როგორც ასოციაციაში განმარტავენ, დადგენილების პროექტი ეხება მხოლოდ მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტის აკრძალვას, რომლის გამოყენების სფეროა მაკარონის წარმოება.
„აკრძალვა არ ეხება რბილი კატეგორიის ხორბალს, რომელიც გამოიყენება პურის ინდუსტრიაში და რომელიც შემოდის საქართველოში. აქედან გამომდინარე, არავითარი გავლენა ამას საქართველოს ბაზარზე არ ექნება. გვინდა, აქვე განვმარტოთ, რომ საქართველოში დღეს არსებობს ორ თვეზე მეტი მოხმარების ხორბლის მარაგი, და იმპორტიც და ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება წისქვილკომბინატების მიერ ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისად, ამ მხრივ სრულად დაცულია სასურსათო უსაფრთხოება“, – აცხადებენ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში.