ფქვილის იმპორტის გასაფორმებლად გადასახადი დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისი ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შევიდა.
იმპორტიორს 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისთვის ყოველ კილოგრამზე 20 თეთრის გადახდა მოუწევს, რაც ყოველ ერთ ტონაზე 200 ლარს უტოლდება. გაფორმების გადასახადი ძალაში პირველ ნოემბრამდე იქნება.
იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის შემოღების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ და ხელისუფლებისგან მხარდაჭერას ითხოვდნენ.
ამასთან, საიმპორტო გადასახადის ამოქმედების პარალელურად, წისქვილები ვალდებულნი იქნებიან, ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბალი კონკრეტულ ფასად შეისყიდონ და პურის მწარმოებლებს პირველი ხარისხის ფქვილი ისეთი პირობებით მიაწოდონ, რომ ამან პურის გაძვირება არ გამოიწვიოს.