ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებლის დაწესებაზე მთავრობის დადგენილების ვადა პირველი მარტის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებლის დაწესებაზე მთავრობის დადგენილების ვადა პირველი მარტის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებლის დაწესებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილების მოქმედების ვადა 2024 წლის პირველი მარტის შემდგომაც უნდა გაგრძელდეს.

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული გამოწვევებით ხასიათდებოდა. კერძოდ, ფქვილის და ხორბლის იმპორტის სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმმა, ე.წ. ხორბალზე მცურავმა ბაჟმა, ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისიდან მოყოლებული, არათანაბარ პირობებში ჩააყენა საქართველოს წისქვილების მუშაობა ფქვილის იმპორტთან შედარებით. შედეგად, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ბაზარზე შეიქმნა რთული მდგომარეობა – წისქვილკომბინატების გაჩერების პარალელურად, ფქვილის არაპროგნოზირებადი და აგრესიული იმპორტი განხორციელდა, გაჩნდა საშიშროება, რომ ადგილობრივი წარმოების ფქვილი მთლიანად ჩანაცვლებულიყო იმპორტირებული ფქვილით. შესაბამისად, ქართული ხორბლის მოსავლის რეალიზაცია სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ამ ფონზე პრობლემას წარმოადგენდა ხორბლის გარდამავალი მარაგები.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ წისქვილკომბინატების, ქართული ხორბლის მწარმოებლების და პურის მწარმოებლებთან კონსულტაციების შედეგად, 2023 წლის 12 ივნისიდან 2024 წლის პირველ მარტამდე ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელი დაწესდა, რომლის მიზანი იყო საქართველოს ბაზარზე ფქვილისა და ხორბლის თანაბარი საგადასახადო რეჟიმების აღდგენა, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა წისქვილკომბინატების ინდუსტრიის მუშაობის აღდგენა, ქართული ხორბლის ძველი და ახალი მოსავლის რეალიზაცია, პურის ფასის სტაბილურობა და ქვეყნის გარდამავალი სტრატეგიული მარაგების შევსება.

გვინდა, აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ საწყის პერიოდში ბაზარი გარკვეული გამოწვევებით ხასიათდებოდა, მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა მექანიზმმა ყველა მიმართულებით შესამჩნევად დადებითი ეფექტი მოიტანა.

კერძოდ: აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის. შედეგად, წისქვილკომბინატებმა განაახლეს მუშაობა; დადგენილების ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს წისქვილკომბინატებში ჩაბარებულია 50 000 ათას ტონაზე მეტი ქართული სასურსათო ხორბალი; აღდგა ხორბლის იმპორტი და დღეს, საშუალოდ, ყოველთვიურად ქვეყანაში შემოდის 20-დან 25 ათას ტონამდე ხორბალი;

ამასთან, გრძელდება ფქვილის იმპორტი, თვეში, საშუალოდ, 8-დან 12 ათას ტონამდე;

მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი მერყეობს 45-49 ლარის ფარგლებში;

ფქვილის აღნიშნული სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე, პურის ფასი სტაბილურია და ამ მხრივ დღეს გამოწვევები არ არსებობს; წისქვილკომბინატებმა მუშაობის განსახლების შედეგად აღადგინეს მრავალმილიონიანი შენატანები საქართველოს ბიუჯეტში;

დადგენილებით განსაზღვრული ფქვილის საიმპორტო მოსაკრებლიდან ბიუჯეტში დამატებით შევიდა 20 მილიონ ლარზე მეტი (რომელიც ადრე არ არსებობდა);

წისქვილკომბინატების მუშაობით ქვეყანა სრულად უზრუნველყოფილია ხორბლის უწყვეტი გარდამავალი სტრატეგიული მარაგებით (გაერო-ს რეკომენდაცია), რაც, ქართული ხორბლის სეზონურ მოსავალთან ერთად, ნებისმიერ გაუთვალისწინებელ კრიტიკულ შემთხვევაში 100%-იანი სასურსათო უსაფრთხოების გარანტიას იძლევა (უნდა აღინიშნოს, რომ, ცალკე აღებული ფქვილის იმპორტის შემთხვევაში, მარაგების შექმნა სრულად ვერ ხერხდება).

ყველა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე თანაბარი კონკურენციის პირობების შესანარჩუნებლად, საპირწონე მექანიზმად საქართველოს მთავრობის მიერ კვლავ გამოყენებული უნდა იქნეს „იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასური“, რომლის ოდენობაც პერიოდულად განსაზღვრულ იქნეს ბაზარზე დაკვირვების მონიტორინგის შესაბამისად და ბაზრის შემდგომი პროგნოზირებადი, სტაბილური ფუნქციონირების მიზნით, 2024 წლის პირველი მარტის შემდგომაც გაგრძელდეს აღნიშნული მექანიზმის მოქმედების ვადა“, – ნათქვამია განცხადებაში.