ფოთში, თევზსაჭერი სეინერის მეპატრონემ ზღვაში ამფორის ფრაგმენტები აღმოაჩინა
ფოთში, თევზსაჭერი სეინერის მეპატრონემ ზღვაში ამფორის ფრაგმენტები აღმოაჩინა. რევაზ ბერაიამ ის ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცა. როგორც გაირკვა, უნიკალური ნივთი მან თევზჭერის დროს შემთხვევით აღმოაჩინა. მუზეუმის დირექტორის, ელენე გაბლიანის განაცხადებით, არტეფაქტი სავარაუდოდ ანტიკური პერიოდისაა.
„ამფორის ფრაგმენტები ერთ-ერთი თევზსაჭერი სეინერის მეპატრონემ, შავი ზღვის აკვატორიის გრიგოლეთის მონაკვეთზე 74-80 მეტრ სიღრმეში აღმოაჩინა. ეს ტერიტორია არქეოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აქ მსგავს ნივთებს მეთევზეები ხშირად პოულობენ და ბათუმში გადააქვთ, ან სახლში იტოვებენ“-განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.
ელენე გაბლიანი თევზსაჭერი გემების კაპიტნებს თხოვნით მიმართავს, ანალოგიური ნივთის პოვნის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს .