ფოთში, თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ნავმისადგომთან მორიგეობა შეწყვიტეს
ფოთში თევზის სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ნავმისადგომთან მორიგეობა შეწყვიტეს.
ორი დღე-ღამის განმავლობაში საინიციატივო ჯგუფის წევრები ნავმისადგომის ტერიტორიას არ ტოვებდნენ, რათა ქაფშიით დატვირთულ ავტომობილებს არ დაეტოვებინათ ნავსადგური.
„ჩვენ მივიღეთ ხელისუფლებისგან გარანტია, რომ ფოთში თევზის სუნი არ იქნება. უახლოეს დღეებში დაიწყება საწარმოების შემოწმება. ეს ჩვენი ერთობლივი მიღწევაა. ვულოცავთ ფოთელებს სუფთა ჰაერს და ვართ ყურადღებით, რათა იგივე არ განმეორდეს“, – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ამბალიამ.
ხელისუფლებისა და საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ჩატარდება საწარმოო ექსპერიმენტი, რომელსაც დააკვირდება ყველა მხარე. ინდივიდუალურად შემოწმდება ყველა ქარხანა. საწარმო, სადაც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება. ასევე გაჩერდება იმ ქარხნის სამუშაო პროცესი, რომლის მიზეზითაც ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი კვლავ გავრცელდება.