ფოთში თევზის სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები ნავმისადგომთან მთელი ღამით მორიგეობას გეგმავენ
ფოთში თევზის სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები ნავმისადგომთან მთელი ღამით მორიგეობას გეგმავენ

ფოთში თევზის სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები ნავმისადგომთან არიან შეკრებილები. ისინი მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ მორიგეობას, რათა არ მოხდეს აღნიშნული ტერიტორიიდან ქაფშიით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების გასვლა.

„მთელი ღამის განმავლობაში აქ ვიქნებით. ხვალიდან კი დაიწყება ქარხნების შემოწმების პროცესი, რაშიც აქტიურად ჩავერთვებით. აქ ვრჩებით სიმბოლურად და ამასთანავე იმიტომ, რომ რამე არ გამოგვეპაროს. დღეს თუ გამოვიდა ქაფშიით დატვირთული მანქანა, არ გავუშვებთ“,- განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ამბალიამ.

ხელისუფლებისა და საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ჩატარდება საწარმოო ექსპერიმენტი, რომელსაც დააკვირდება ყველა მხარე. ინდივიდუალურად შემოწმდება ყველა ქარხანა. საწარმო, რომელშიც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება. ასევე გაჩერდება იმ ქარხნის სამუშაო პროცესი, რომლის მიზეზითაც ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი კვლავ გავრცელდება.