ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს
ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო.
კოღოს წინააღმდეგ წამლობა სექტემბრის შუა რიცხვებამდე ორ ეტაპად განხორციელდება.
ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდება წყალსატევები და დაჭაობებული ტერიტორიები, სადაც კოღოს გავრცელება მასობრივად აღინიშნება.
„მოხდება ქალაქში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფებისა და სადარბაზოების, კერძო სახლების, ცხოველთა და ფრინველთა სადგომების დამუშავება უსაფრთხო ინსექტიციდით „სოლფაკით“, რომელიც უსაფრთხოა როგორც ადამიანების, ცხოველების, თევზებისა და ფუტკრებისთვის, ასევე გარემოსთვის“, – აცხადებენ ფოთის მერიაში.
უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მეხუთე წელია, ატარებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონაში. ქიმიური და ბიოლოგიური წამლობების შედეგად კი, მცირდება მწერების პოპულაცია და ტრანსმისიური დაავადებების გავრცელება.