ფოთში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული 12 მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება
ფოთში, თვითიზოლაციაში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული 12 მოქალაქე იმყოფება.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათზე დაწესებული მონიტორინგის პროცესის მართვაზე პასუხისმგებლობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერს დაეკისრა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად საჭირო ღონისძიებებს ახორციელებს.
ფოთის მერი გოჩა კურდღელია ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისათვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა და კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა.
„ქალაქ ფოთის მერის განკარგულებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს. შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც პირველ ეტაპზე, ჩართული არიან ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის უფასო სასადილოში საკვების უსაფრთხოდ მიწოდების წესების დაცვაში. მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 16 მარტიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი“,- ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.