ქალაქ ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე დაზიანებული მილსადენის გამო, მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს ფოთის წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული ფილიალის საავარიო ჯგუფი.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინებისა და კანალიზაციის მიმართულებით. დაზიანებულია 400 მილიმეტრიანი მაგისტრალური მილსადენი, რომელიც ძირითადი ქალაქის მკვებავია. აღდგენით სამუშაოებში ჩართულია საავარიო ბრიგადა და დამხმარე სამსახურები. რომ არა კლიმატური პირობები და ცუდი ამინდი, დღის მეორე ნახევარში დასრულებული გვექნებოდა რეაბილიტაცია. თუმცა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 21:00 საათისთვის სასმელი წყლის მიწოდება განახლდეს“, – განაცხადა ფოთის წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერმა, ნუგზარ ფაცაციამ.