ფოთში, მე-18 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
დამკვირვებლების ინფორმაციით, წილისყრით არასწორად მოხდა პოზიციების გადანაწილება. მათივე თქმით, ეს გამიზნულად მოხდა.
უბნის თავმჯდომარე კი, ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ უბანზე პროცედურები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
რაც შეეხება სხვა უბნებს, ისინი 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყო.
ფოთში სულ 41 376 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამასთან, კოვიდპაციენტებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ერთი სპეცუბანი ფუნქციონირებს. მათ ხმის მიცემა გადასატანი ყუთის საშუალებით შეუძლიათ.
70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მათთან შესულია სამი საჩივარი. თუმცა, მათი ინფორმაციით, ეს არჩევნებზე გავლენას ვერ იქონიებს.
ფოთში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით პირველად იმართება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ოთხი წლის ვადით, შერეული სისტემით აირჩევს – 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით. 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან რვა ოლქი დედაქალაქშია, 22 – რეგიონების მასშტაბით.