ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის ძებნა გრძელდება
ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის ძებნა გრძელდება

ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდს რამდენიმე დღეა ეძებენ.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ზღვის აკვატორიაშიც. მყითავებისთვის და სამაშველო ჯგუფებისთვის გარკვეული პირობების შექმნის მიზნით, მდინარის სანაპიროზე კარვები გაიშალა.

მოზარდის ძებნის პროცესში ჩართულია ტექნიკაც, მათ შორის ნავები და სკუტერები, რომლითაც მდინარესა და ზღვის სანაპიროზე პატრულირება ხდება.

კვლავ მუშაობას განაგრძობს საგანგებო შტაბი, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ყველა შესაბამის უწყებაა გაერთიანებული. ადგილზე რჩება 30-მდე მაშველი, მათ შორის არიან მყვინთავები თბილისიდან და ბათუმიდან.

„სამძებრო ღონისძიებები არ შეწყდება არც ერთი წუთით, ვიდრე არ იქნება მოზარდი ნაპოვნი. ღამის განმავლობაში, როცა მდინარეში ცუდი ხილვადობაა, შესაძლოა, მყვინთავებისთვის იყოს შეუძლებელი სამუშაოების წარმოება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამძებრო ღონისძიება შეჩერდება.

ამ დროს მუშაობას განაგრძობს სამაშველო ტექნიკა. როგორი ხილვადობაც არ უნდა იყოს, როგორი მეტეოროლოგიური პირობებიც არ უნდა იყოს, არ შევწყვეტთ სამძებრო სამუშაოებს,“- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი.