ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომლის ღირებულება 1 950 375 ლარს შეადგენს. პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები
სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობას, ასევე, მინი საფეხბურთო მოედნის (გასახდელის შენობის, საშხაპითა და სანკვანძით) და მცირე ზომის დასასვენებელი სკვერის მოწყობას ითვალისწინებს.
„კომპლექსის სამივე მხარეს მოეწყობა ღია ავტოსადგომები. პროექტის თანახმად, აშენდება პენსიონერთა კლუბის სახლი; ქუჩის გასწვრივ, ბულვარზე ზღვის მხარეს მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ძირითად ჯებირს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე განხორციელდა, რომლის ფარგლებში სანაპირო ზოლის მიმდებარედ ორკილომეტრიანი გზის საფარი მოასფალტდა, შიდა კომუნიკაციები მოეწყო და განათების სისტემა დამონტაჟდა.