ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა მხეიძე აცხადებს, რომ ფოთში „პისიარ“ კვლევისთვის 153 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს. მხეიძის თქმით, ნიმუშები ლაბორატორიაში კვლევისათვის უკვე გაიგზავნა.
„ჩვენ გამოვიკვლევთ 153 პირს. ხუთი თვითიზოლაციაში მყოფი პირია, 44 სამართალდამცავი სტრუქტურების, 107 კი, საბაჟო და სასაზღვრო პუნქტების თანამშრომელია. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.
ამასთან, ხვალ გამოსაკვლევად გაიგზავნება ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული 45 წლის ქალის ბიოლოგიური მასალაც. პაციენტი ლანჩხუთიდანაა. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.
„45 წლის ქალს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. პასუხიც სავარაუდოდ ხვალ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.