ფოთში კორონავირუსით ინფიცირებულ ახალგაზრდასთან კონტაქტში მყოფ 22 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში კორონავირუსით ინფიცირებულ 24 წლის ახალგაზრდასთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევის შედეგები ცნობილია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიაში 22 ადამიანის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი და არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა.
„ეპიდემიოლოგებმა გუშინ მოიკვლიეს 22 კონტაქტი. მათი ნიმუშები გუშინვე გავაგზავნეთ ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. ეს წუთია, მივიღეთ პასუხები და ყველა უარყოფითია. არცერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. რაც შეეხება პაციენტს, ის შესაბამისი პროფილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ფოთში „კოვიდ-19“ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა.