ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. მოსახლეობამ ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. აქციის მონაწილეების თქმით, მრავალი წელია, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება და აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.
ადგილობრივების თქმით, გაურკვეველი წარმომავლობის ნივთიერება მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია.
„მოვითხოვთ, აქედან სასწრაფოდ გაგვასახლონ. ოთხი წელია, ამას ვითხოვთ. ხალხი იწამლება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. რამდენიმე წელია, ყურადღებას არ გვაქცევენ. ჩვენგან 300 მეტრში გოგირდია და ამას ვაპროტესტებდით, ახლა ეს საცხოვრებელ კორპუსთან ძალიან ახლოს მოგვიტანეს. ფანჯრებს ვერ ვაღებთ, ბავშვები სასეირნოდ ვერ გამოგვყავს, გაშავებული ვართ. მოვლენ, გვეტყვიან, არ დავამუშავებთ ტვირთსო, დავიშლებით და შევალთ თუ არა, მაშინვე იწყებენ მუშაობას. ამ კუთხით თუ რამე შეიძლება, არსებობდეს, ყველანაირი საბუთი გვაქვს, კონკრეტული ადამიანების დასკვნებიც და რა უნდათ, არ ვიცი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ვეფხვია გულედანმა.
ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, მათთვის დეტალურად არის ცნობილი აღნიშნული პრობლემა და მოსახლეობას ახალი კორპუსის აშენებას სთავაზობენ. მათივე თქმით, მზად არის კორპუსის პროექტი, გამოყოფილია მიწის ნაკვეთი ფაზისის ქუჩაზე, სადაც კორპუსი დროულად აშენდება.
მოსახლეობა მერიის მიერ შეთავაზებულ პირობას ალტერნატიული ფართების შეთავაზების თაობაზე არ თანხმდება. აქციის მონაწილეები ფულად კომპენსაციას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.