ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა პროტესტი გრძელდება
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა პროტესტი გრძელდება

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულთა პროტესტი გრძელდება. შეკრებილების განცხადებით, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნებათ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს შეხვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. გუგუჩიას თქმით, მათ ძალებს აღემატება ის, რასაც კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ითხოვენ. მისივე თქმით, მზად არის კორპუსის პროექტი, გამოყოფილია მიწის ნაკვეთი ფაზისის ქუჩაზე, სადაც დროულად დაიწყება მშენებლობა.

„საცხოვრებელი კორპუსის აშენება ძალაში რჩება, მაგრამ ამ ადამიანებს დღეს ეს არ აკმაყოფილებთ, მათ აქვთ სურვილი, რომ თანხობრივად აუნაზღაურდეთ მათი ბინების საფასური, რომელიც ჩვენს ძალებს აღემატება. ჩვენ გვესმის ამ ადამიანების, მაგრამ ქმედება, რომელსაც ისინი მიმართავენ, არის კანონის დარღვევა და შესაბამისად, ვთხოვთ, შეწყვიტონ აქცია. მათივე თხოვნა იყო, რომ როცა კორპუსს ავუშენებდით 10 -12 კვადრატული მეტრი ფართი დამატებოდა საცხოვრებელ ბინებს და, რა თქმა უნდა, ეს დაკმაყოფილდება სახელმწიფოს მიერ, ესეც აუქციონის პირობებში გათვალისწინებულია“, – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

აქციის მონაწილეებმა გადაკეტილი გზა გახსნეს იმ პირობით, რომ მათ პრემიერ-მინისტრი შეხვდება.