ფოთში გარევაჭრობისთვის განკუთვნილი დახლების დემონტაჟს მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა
ფოთში, ბაზრის ტერიტორიაზე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი დახლები აიღეს, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.
„დაგვინგრიეს ყველაფერი, ულუკმაპუროდ ვრჩებით. ალტერნატიულ ფართებს არავინ გვთავაზობს. ჩაქუჩებით შეიარაღებულები, გახარებულები ამტვრევენ. მოსულიყვნენ გუშინ და გავეფრთხილებინეთ, თუ ამას აპირებდნენ. ახლა რა უნდა ვქნათ და რითი ვიარსებოთ?“, – განუცხადა ჟურნალისტებს გარემოვაჭრე მარინა რუხაძემ.
როგორც ჟურნალისტებს ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჯგერენაიამ განუცხადა, გარემოვაჭრეები არაერთხელ გააფრთხილეს.
„ახლა ხდება ამ უსახური დახლების, ჯიხურებისა და საჩრდილობლებისაგან ტერიტორიის გაწმენდა, რომლებიც უნებართვოდ არის მოწყობილი. პირველ რიგში, არის სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა. აქ არათუ ავტომობილით, ფეხით გავლაც კი შეუძლებელია, ისეთი სიტუაციაა შექმნილი. ეს ადამიანები არაერთხელ გავაფრთხილეთ, მაგრამ არ გაითვალისწინეს და იძულებული ვართ, ჩვენი ძალებით გავათავისუფლოთ ეს ტერიტორიები“, – განაცხადა დავით ჯგერენაიამ.
ბაზრის მოვაჭრეები გეგმავენ, სასამართლოს მიმართონ და საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.