ფოთის კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული ორი პაციენტის კვლევის შედეგები ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ორივე მათგანი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებოდა.
„კლინიკაში იმყოფებოდა ორი პაციენტი, 60 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან და 80 წლის ქალი ფოთიდან. მათი კვლევის შედეგი უარყოფითია. პაციენტებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში „პისიარ“ კვლევისთვის. ორივე პაციენტი უკვე გაწერილია კლინიკიდან“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
ამასთან, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის 38 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს. ისინი საბაჟოს წარმომადგენლები არიან.
„ჩვენ გამოვიკვლევთ 38 პირს. ისინი საბაჟოს წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.