ფოთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ წარადგინა.
გიგი უგულავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს წინა საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას, იგი პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.
უგულავას თქმით სიის ფორმირებისას აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი გახდა.
„ცოტა სასაცილო და სამარცხვინოც არის „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მხრიდან წვრილმანი ბარიერების და პრობლემების შექმნა, რეგისტრაციაში არგატარება. ბუნებრივია, ჩვენ სასამართლოს მივმართავთ დღის ბოლომდე. გასაგებია, „ქართული ოცნება“ რაც არის, ამაზე საუბარი არ ღირს, რადგან გაცილებით მძიმე გამოწვევებია. ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების მხრიდან პრაქტიკულად გეოპოლიტიკური განაცხადი და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს და ევროპას უკეტავს კარს, ის ავტომატურად კარს უღებს რუსეთს. ამიტომ, ის განაცხადი გეოპოლიტიკური განაცხადი იყო და არაფერი კავშირი არ აქვს ფინანსებთან. რეფერენდუმი, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია და 2 ოქტომბერი უნდა იყოს ამ სარეველადქცეული რეჟიმის ამოძირკვის პირველი მთავარი დარტყმა. დიახ, 2 ოქტომბერს დაიწყება მთლიანად ამორტიზებული და ამორალური რეჟიმის დემონტაჟი.
გუნდი, საკრებულოს სიის პირველი 15 წევრი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იბრძოლებს, ამავე დროს იქნებიან რეფერენდუმის მაცნეები ფოთის თითოეულ უბანში, ქუჩაზე, ჩიხში. ჩვენ მივალთ ყველასთან და დაველაპარაკებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებს და რატომ არის ეს არჩევნები რეფერენდუმი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.