ფოთში, კლდიაშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა და ერთი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა. გამვლელი ადგილზე გარდაიცვალა. ამასთან, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი პაციენტი შემოიყვანა, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალბატონი. ისინი მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფებიან და ყველა საჭირო კვლევა თუ მკურნალობა უტარდებათ“, – განაცხადა სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა თეა მიგინეიშვილმა.
მისივე თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.