ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
„ტკივილითა და სიამაყით სავსე 10 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც ლაჩრულად, ზურგიდან მოპარვით გამოასალმა მტერმა ჩვენი სახელოვანი გმირები სოცოცხლეს. კიდევ ერთხელ, დღეს პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და მადლობას ვუხდით გმირი შვილების აღმზრდელ დედებს და მამებს. ქედს ვიხრით მათი მეუღლეების, დების და ძმების წინაშე. ვუყურებთ მათ შვილებს და კიდევ ერთხელ ვაცნობიერებთ მათი მამების უზარმაზარ როლს და დამსახურებას იმაში, რომ დღეს ჩვენი სამშობლო უფრო მეტად დემოკრატიულია, უფრო მეტად ევროპულია, ვიდრე 10 წლის წინ იყო“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.
დღესვე, ფოთის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტი გრიგოლი აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. კოლხური კულტურის მუზეუმში კი, გამოფენა „ოკუპაციიდან ოკუპაციამდე“ გაიმართება.
2008 წლის აგვისტოში ფოთში დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა.