ფოთში, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მოძრაობამ ,,რუსეთი გვართმევს თავისუფლებას“ მშვიდობიანი აქცია გამართა
ფოთში, დევნილთა ახალ დასახლებაში, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალის წინ მოძრაობამ ,,რუსეთი გვართმევს თავისუფლებას“ მშვიდობიანი აქცია გამართა.
ახალგაზრდებმა რუსეთის პოლიტიკა გააპროტესტეს. მათ ადგილობრივებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
,,ერთი თვეა, რაც ფოთში მოძრაობა ,,რუსეთი გვართმევს თავისუფლებას“ შეიქმნა. გვინდა, ჩვენს თემში ყველას დავანახოთ, რას ნიშნავს ოკუპაცია. აქციის მიზანია, საზოგადოებას ვესაუბროთ მძიმე ისტორიულ მოვლენებზე, რაც რუსეთმა საქართველოს მიაყენა. რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი გვართმევს თავისუფლებას, მაგრამ ახალგაზრდები შევეცდებით სწორი პოლიტიკური გზით დავიბრუნოთ წართმეული ტერიტორიები,“- განაცხადა მოძრაობა ,,რუსეთი გვართმევს თავისუფლებას“ ხელმძღვანელმა მალხაზ გაბისონიამ .
აქციას თბილისიდან მოძრაობა ,,რუსეთი ოკუპანტიას“ რამდენიმე აქტივისტი შეუერთდა.
მოძრაობის წევრის ანა ჭარხლიშვილის თქმით, ისინი სხვა რეგიონებშიც გეგმავენ ჩასვლას. მისივე თქმით, ახალგაზრდები აუცილებლად შეძლებენ რუსეთის დამარცხებას.
,,ეს ადამიანები იწყებენ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას და ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ რუსეთს, რომელიც არის შემოჭრილი. ზუსტად ჩვენი თაობა გახდება დეოკუპაციის მყარი საფუძველი. არ შემეძლო ამ ბავშვებთან არ ჩამოვსულიყავი, მათ გადავეცი სტიკერები. ვიწყებთ რეგიონალურ ბრძოლას საქართველოში და ეს იქნება კამპანიური სახის, არ გავჩერდებით, ჩავალთ სხვა რეგიონებშიც და ძალიან ბევრი ახალგაზრდა შემოგვიერთდება,“- აღნიშნა ანა ჭარხალაშვილმა.